საზოგადოებრივი საბჭოს დებულება

თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს დებულება

თელავის მუნიციპალიტეტი
2012 წელი

1. ზოგადი დებულებები
1.1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) შექმნილია საკრებულოს განკარგულებით.
1.2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს კონსტიტუცია, „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, წინამდებარე დებულება.
1.3. თავისი სტატუსით საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების (საკრებულოს) მიერ, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მიღებისას.
1.4. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება სახელისუფლო, არასამთავრობო, სამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს–სფეროს წარმომადგენლებით და ფიზიკური პირებით (მოქალაქეებით) არანაკლებ 15 წევრისა და არაუმეტეს 25 წევრისა.
1.5. საბჭოს სამუშაო მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მე-2ის გამზირი #16

2. საბჭოს საქმიანობის პრინციპები, ძირითადი
მიმართულებები და ვალდებულებები
2.1. საბჭო აღიარებს და თავის საქმიანობაში იყენებს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განმტკიცებულ დემოკრატიულ პრინციპებს: სახელმწიფო საქმეების წარმართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების პრინციპი, დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპი, უშუალო დემოკრატიის პრინციპი და სხვა.
2.2. საბჭო მოწოდებულია განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, თვითმმართველობის საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი*,
* – მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (ნალა)–ს მიერ შემუშავებული ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან საქმიანი ურთიერთობის რეგულირება და ადგილობრივ ორგანოთა სტრუქტურული ერთეულების საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაცია. აგრეთვე მოსახლეობიდან წამოსული ინიციატივების საკრებულოსთვის მიწოდება.
2.3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
– ადგილობრივ ორგანოთაგან, სამსახურებიდან და თანამდებობის პირთაგან ორგანიზაციული და მატერიალურ–ტექნიკური პირობების შექმნის მოთხოვნა მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველ ორგანოთა სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობის რეალურად განსახორციელებლად;
– თვითმმართველ ქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის მიერ მხარდაჭერილი და ინიციირებული საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება, განსახილველად შეტანა, ან/და საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, აქტში ცვლილება–დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
– ინიციირებულ გადაწყვეტილებათა პროექტების, მათი განხილვის პროცედურების და ვადების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომების დღის წესრიგის, ჩატარების ადგილის და თარიღის, აგრეთვე მიღებული ნორმატიული და სხვა ადმინისტრაციული აქტების, მათი გასაჩივრების ვადების და პროცედურების, გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადებისა და პროცედურების თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესით გამოქვეყნების მოთხოვნა;
– მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებში დადგენილი წესით მონაწილეობის უზრუნველყოფის მოთხოვნა;
– ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირის და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენაში ამომრჩეველთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მოთხოვნა.
2.4. საბჭო ვალდებულია:
– უზრუნველყოს პეტიციის წესით შეტანილი საკრებულოს დადგენილების პროექტის წერილობითი ფორმით წარდგენა;
– უზრუნველყოს პეტიციის წესით შეტანილ პროექტზე თვითმმართველ ქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის ხელმოწერა;
– უზრუნველყოს პეტიციის წესით შეტანილ პროექტზე დანართის დართვა, რომლითაც დასაბუთებული უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროობა, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.
– უზრუნველყოს საბჭოს ან/და მოსახლეობის ინიციატივით შედგენილი პროექტის წერილობითი ფორმით წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.
2.5. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.
2.6. თავის გადაწყვეტილებას საბჭო ღებულობს რეკომენდაციის სახით.
2.7. საბჭოს მდივანს გააჩნია ხმის უფლება.

3. საბჭოს საქმიანობის რეგულაცია
3.1. საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო ორგანიზაციულ–ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
3.2. საბჭოს წევრთა საქმიანობა წარმოებს საზოგადოებრივ საწყისებზე და არ ნაზღაურდება.
3.3. საბჭო იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ და არაუმეტეს თვეში 3–ჯერ.
3.4. საბჭო რიგგარეშედ მოიწვევა
 საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, არაუმეტეს თვეში ერთხელ.
 საბჭოს არანაკლებ 5 წევრის მოთხოვნით, არაუმეტეს თვეში ერთხელ.
3.5. საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია განხორციელდება დადგენილი წესით.