ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის

არჩილ თხლაშიძის ანგარიში 2015 წელს

გაწეული საქმიანობის შესახებ

2014 წლის 2 აგვისტოს განხორციელდა ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამავე დღეს არჩეული ვარ  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. გახლავართ თელავის ცენტრალური უბნის  მაჟორიტარი დეპუტატი პარტიიდან ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“  და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი.

2015 წლის სამოქმედო გეგმა შედგა პრიორიტეტებისდა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები  შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
  • სკოლამდელი აღზრდის განათლება;
  • კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

ხოლო ბიუჯეტის ფორმირება მოხდა შემდეგნაირად: 2015 წლის ბიუჯეტის გეგმა განისაზღვრა  – 11053,0 ათ. ლარით, აქედან საკუთარი შემოსულობები იყო – 9165,7 ათ. ლარი; 2015 წლის ფაქტიური შესრულება 10192,1 ათ.ლარი (მ.შ. საკუთარი შემოსულობებით 8502,4 ათ.ლარი);

საანგარიშო პერიოდში გაიმართა  საკრებულოს 13 (ცამეტი) მორიგი  და  7 (შვიდი) რიგგარეშე სხდომა, სადაც მიღებული იქნა 54 (ორმოცდათოთხმეტი) დადგენილება და 90 (ოთხმოცდაათი)განკარგულება. ჩატარდა საკრებულოს ბიუროს 13 (ცამეტი) სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემულია 72 (სამოცდათორმეტი) ბრძანება  სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებზე.   საკრებულოს და ჩემს მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

საკრებულოში შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა  ჩაატარეს 75სხდომა. საკრებულოში ასევე ფუნქციონირებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისია, რომელმაც ჩაატარა 17 სხდომა. აღნიშნულკომისიაში შემოსული განცხადებების დაკმაყოფილების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოვიდა 33,453.60 ლარი.

2015 წელს საკრებულოსათვის გამოყოფილი შრომის ანაზღაურების (საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის და აპარატის შტატიან და შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის) ფაქტი შეადგენდა სულ: 296,2 ათ. ლარს, აქედან პრემია 59,7 ათ. ლარი, ხოლო თანამდებობრივი სარგო 236,5 ათ. ლარი; ტრანსპორტისათვის განკუთვნილი ხარჯი შეადგენდა 34,23 ათ. ლარს; მივლინების ხარჯი 5,3 ათ. ლარს, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი – 6,3 ათ. ლარს. რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დანამატები არ გაცემულა და არც ბიუჯეტში ყოფილა გათვალისწინებული თანხა სახელფასო დანამატებისათვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქ თელავის საკრებულოში, 2015 წლის 5 აგვისტოდან შექმნილია  ფრაქცია ,,ქართული ოცნება“.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საკრებულოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კანონიერება, საჯაროობა და ანგარიშვალდებულება.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2015 წელს  შემოსული იყო 39 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და თითოეული საჯარო ინფორმაცია გაიცა სრულყოფილად და კანონით დადგენილი ვადების დაცვით. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქ თელავის საკრებულო დაჯილდოვებულია სპეციალური სიგელით ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ.

მოსახლეობას საშუალება აქვს დაესწროს საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებს, აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი და სოციალური გვერდი, სადაც  თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების და სიახლეების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომლის გადაჭრასაც შევძლებთ მიმდინარე წელს.

გასული წლის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაგვერთო მიმდინარე პროცესებში და საწყენია ის გარემოება, რომ ხშირად მოქალაქეთა მხრიდან არ იყო შესაბამისი აქტიურობა. 2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვას ძალიან ცოტა მოქალაქე დაესწრო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტმა 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმა მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

საკრებულოს დეპუტატების აქტიურობით და მონაწილეობით მომზადდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსების პროგრამები.მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობის და კომპენტენციის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა შეღავათები და დახმარებები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამღონისძიებების განსახორციელებლად 2014 წლის ბიუჯეტით გახარჯულმა თანხამ შეადგენდა 442,5 ათ. ლარი, ხოლო 2015 წელს აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსებამ შეადგინა- 690,0 ათ. ლარი.

ასევე 2015 წელს გაიზარდა ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციისათვის გახარჯული თანხები 2014 წელთან შედარებით 87%-ით. კერძოდ: 2014 წლის ფაქტი შეადგენდა 1292 ათ. ლარს, ხოლო 2015 წელის ფაქტი შეადგენდა – 2418,0 ათ. ლარს.

მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის დაფინანსებას. განხორციელდა საბავშვო-ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოები. კერძოდ: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 4 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია თანხით – 937,8 ათ.ლარი, ხოლო დარჩენილ 5 ბაღში მოხდა სამზარეულოების და სველი წერტილების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხით- 54,5 ათ. ლარი, რაშიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2015 წლის განმავლობაში საკრებულომ აქტიურად იმუშავა ქალაქის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების და საგზაო მოძრაობის რეგულირების კუთხით, რომლის გარკვეული შედეგები დღეს უკვე სახეზეა. ამისათვის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია  და დღემდე ფუნქციონირებს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფი.

ასევე  2015  წელს საკრებულოში  შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) შემუშავების მიზნით. აღნიშნული ჯგუფის აქტიური მოქმედებების და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეკომენდაციებით საკრებულომ მიიღო და დაამტკიცა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა. ასევე 2015 წელს შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმუშავა ქალაქში არსებული ძეგლის ,,შენ ხარ ვენახი“ აღდგენის და განთავსების საკითხებზე.

2015 წელს დაიწყო მუშაობა მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის, თელავთან დაძმობილებულ გერმანიის ქალაქ ბიბერახის მხარდაჭერით. ჩატარებულია მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში, ჩვენი გერმანელი მეგობრების დახმარებით იგეგმება სამუშაოების ძირითად ეტაპზე გადასვლა. აქვე აღვნიშნავ, რომ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა დაძმობილებულ ქალაქებთანაც: ბელორუსიაში – გლუბოკოე, ლატვიაში- ტალსი, ჩინეთში- კუიტუნი, პოლონეთში – ზელენოგორა. ამ ქალაქებთან გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი და უკვე რამოდენიმეჯერ შედგა გაცვლითი ვიზიტები. ჩვენი მუნიციპალიტეტის დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნულ ქალაქებში,  შედიოდნენ ასევე საკრებულოს დეპუტატებიც.

გასულ 2015 წელს ჩატარდა მრავალი კულტურული და სპორტული ღონისძიება. საკრებულოს ინიციატივით განხორციელდა თელაველი პარაოლიმპიელი სპორტსმენებისათვის სპორტული ინვენტარის შეძენა.ამ ინიციატივას ქალაქის მერიამაც მხარი აუბა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კეთილმოაწყო სპორტული ტირის შენობა.

2015 წლის ბოლოს საკრებულოს ინიციატივით დაიგეგმა  თელავის ბილიარდის სკოლის შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც თ. ანთაძის სხელობის სპორტ-სკოლაში  გამოიყო დარბაზი. აღნიშნული დარბაზის რემონტისათვის 2015 წელს გამოიყო თანხა, მაგრამ ამავე წელს ვერ მოესწრო დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და და ეს სამუშაოები გადაიდო 2016 წლისათვის. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამადაც და დასრულების პროცესშია. ამ პროცესში საკრებულოც აქტიურადაა ჩაეთული და მინდა გითხრათ, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება სპორტის ამ სახეობაში.

ასევე აღსანიშნავია ინიციატივა საჭადრაკო ტურნირის ,,ლელას და ბელას თასი“ დაარსება, რომელიც წარმატებით ჩატარდა დეკემბრის თვეში და 2016 წელსაც არის დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციული და მასშტაბური გახდება.

ასევე მინდა აღვნიშნო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა, რამაც განაპირობა თელავში საერთაშორისო ტურნირების რაოდენობის მატება. 2015 წელს ჩატარდა 5 ტურნირი 50000 აშშდოლარის ჯამური საპრიზო ფონდით. 2016 წელს კი ჩატარდება 6 ტურნირი – 80.000 აშშ დოლარის ჯამური საპრიზო ფონდით, აქედან ჩვენი მონაწილეობა საპრიზო თანხაში არის 25.000 ლარი. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 37 ქვეყნის სპორტსმენმა და იმედი გვაქვს აქაც, 2016 წელს კიდევ უფრო გაიზრდება მონაწილე ქვეყნების და სპორტსმენების რიცხვი.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და სხვა ფესტივალებში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივ პროექტში მცირე და საშუალო ზომის ისტორიული ქალაქების  მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე, ორ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, რომლებიც გაიმართა ფოთში და თბილისში.

საკრებულოს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი   სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას, რომლის მთავარი კრიტერიუმი გამჭირვალობა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებაა.

მინდა აღვნიშნო, რომ თვითმმართველობის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანია დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობის, დასუფთავების და ჯანსაღი გარემოს შექმნის საკითხები.

საკრებულო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებაზე, ამიტომ ყოველდღიურად, შეუზღუდავად ხდება მოქალაქეთა მიღება, როგორც საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან.

მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა უნდა ითქვას, რომ 2015 წელს შევძელით  ჩვენს წინაშე არსებული მრავალი პრობლემების გადაჭრა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელსაც განვახორციელებთ  მნიშვნელოვან პროექტებს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის  და მათთან ერთად პრიორიტეტების დასახვით. როგორც უკვე აღვნიშნე მოქალაქეებთან ურთიერთობის კუთხით შეინიშნებოდა გარკვეული ხარვეზები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავამყაროთ მათთან შეძლებისდაგვარად, სრულფასოვანი კომუნიკაცია, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული უნდა  იყოს მათი მოთხოვნები, წინადადებები და მოსაზრებები.

ბოლოს მადლობა მინდა ვუთხრა საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელთა აქტიური ჩართულობით, დისკუსიებით, დიალოგით და შეხედულებების ურთიერთგაზიარების გზით მოვახერხეთ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების მეტ-ნაკლებად გადაჭრა და იმედს ვიტოვებ, რომ 2016 წელი იქნება უფრო წარმატებული, კერძოდ: შევძლებთ დავასრულოთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დავსახოთ ახალი; გავაუმჯობესოთ სოციალური გარემო; ვიზრუნოთ კულტურული და სპორტული ღონისძიებების წარმატებულ მიმდინარეობებზე, სკოლამდელ განათლებაზე და თითოეული მოქალაქის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაზე.  ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ 2016 წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილია 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით (2016 წლის ბიუჯეტი – 2015 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში დამტკიცდა 12%-იანი ზრდით) და კიდევ უფრო მეტად არის ორიენტირებული და მორგებული ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და უფრო მრავალფეროვან სოციალურ პროგრამებზე.

 

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

არჩილი თხლაშიძე