წინანდლის ალ.ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი

წინანდლის ჭავჭავაძეების ადგილ-მამული თავის ისტორიას XVII საუკუნიდან ითვლის, როდესაც მეფე ერეკლე I-მა ჭავჭავაძეების წინაპრები სოფელ ჭავჭავიდან ( მთიულეთი) წინანდალში ჩამოასახლა და თავადის წოდებაც მიანიჭა. მოგვიანებით, მეფე თეიმურაზ II-ემ მათ სამეფო ვენახები გადასცა და მოსამსახურეებიც დაუყენა. საბოლოოდ კი მეფე ერეკლე II-ემ შეცვალა მათი თავდაპირველი გვარი მამუჩიშვილი ჭავჭავაძეებად.

1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ წინანდალში სასახლე ააშენა.

1831 წელს აქ უკვე ორი სასახლე იყო, როგორც აღწერს ვახტანგ ორბელიანი თავის პოემაში. <ივნისისთვეში წინანდალი ფერიების სასახლეს ჰგავს: ყველაფერი აქ შერეულია ერთად: ყვავილები, ვარდები, ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, მანდარინი. მცენარეთა ყვავილობა და ხილის მწიფობა თითქმის ერთი და იმავე დროს ხდება. ჰაერი გაჯერებულია სხვადასხვა არომატით>. წინანდლის ბაღი უნიკალურია სხვადასხვა ეგზოტიკურ მცენარეთა სიმრავლით, რომლებიც დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობისაა. მისი განლაგება ასევე უნიკალურია. ზოგიერთ ექსპერტთა აზრით იგი ანალოგია ინგლისური ბაღების, როგორიცაა რიჩმონდი და ქიუ.

1835 წელს ალ.ჭავჭავაძემ წინანდლის მამულებში ააშენა ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა, სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოსხმული 20.000 ბოთლი ღვინო. აქვე არის დაცული ალ.ჭავჭავაძის მიერ ჩამოსხმული პირველი ბოთლის ღვინო.

გარსევან ჭავჭავაძის დროს სასახლეს ძირითადად სტუმრობდნენ არისტოკრატები და დიპლომატები, ხოლო ალექსანდრეს დროს მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც ჭავჭავაძეების ოჯახი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. ალექსანდრე გრიბოედოვმა პირველად აქ წაიკითხა <ვაი ჭკუისაგან>. აგრეთვე აქ იქნა თავდაპირველად წაკითხული ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მიძღვნილი ეკატერინესადმი (ალექსანდრეს ქალიშვილი).

1846 წელს ალ. ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ქონება მემკვიდრეობით მისმა ვაჟიშვილმა დავითმა მიიღო.

1854 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიის მეთაური იმამ შამილი თავს დაესხა სასახლეს, გადაწვა და გაიტაცა ანა ჭავჭავაძე მის შვილებთან და მათ ძიძებთან ერთად, თუმცა მოგვიანებით ისინი ყველანი გათავისუფლებულნი იქნენ.  დავით ჭავჭავაძემ აღადგინა დამწვარი სასახლე.

ახალი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა საერთო მხატვრული სტილით, ეკუთვნის არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვს.

1887 წელს ასევე ჩაუტარდა ცვლილებები ბაღს, არნოლდ რიგელის, პეტერბურგელი ლანდფშატის დიდოსტატის თაოსნობით, რომელიც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ეს ჩამოსვლასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

1921 წელს ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, წინანდლის ქონებას საბჭოთა ხელისუფლება დაეუფლა. სასახლე ღვინის ქარხნის სასტუმროდ გადააქციეს.

1946 წელს, ალ. ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 100-წლისთავთან დაკავშირებით, პოეტ გიორგი ლეონიძის თაოსნობით სასახლე სახლ-მუზეუმად გადაკეთდა.

2008 წელს სახლ-მუზეუმს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები.


1 2 5 4