ძველი და ახალი შუამთის მონასტრები

მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. შუამთის ორივე კომპლექსი განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. VII საუკუნეს მიეკუთვნება მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელშიც აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია, რის გამოც მთელი შენობის ფართობისა და მასის მიმართ გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ნათლად იხატება ტრომპების კონსტრუქცია. მესამეა მცირე გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგრეთვე VII საუკუნისაა, გეგმით ჯვრის ტიპისაა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ, კუთხის ოთახების ნაცვლად, რაკი აფსიდების წინ ბემები გაქრა, ეკლესიის თითქმის ორივე ღერძი ტოლია. ძველი შუამთის ეკლესიებს არ გააჩნიათ რაიმე მორთულობა, როგორც ეს კახეთის ძეგლებს ახასიეთებს, არც წარწერები მოიძებნება. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები, კუთხეებისათვის კი შირიმია გამოყენებული.

XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერმა თავისი დიდება დაკარგა და დაცარიელდა.

ახალი შუამთის მონასტერი დააარსა კახეთის დედოფალმა თინათინმა XVI საუკუნეში. რომელიც იყო კახთა მეფის ლევან-II-ის (1520-1574) მეუღლე და თავად გურიელის ქალიშვილი. არსებობს ლეგენდა, თუ როგორ დააარსდა შუამთის მონასტერი. თინათინმა სიზმარში ნახა უფლისწული რომელზეც გათხოვდებოდა და მის მამულში იპოვიდა თეთრ შინდის ხეს, სადაც ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია უნდა აეშენებინა. მართლაც, თინათინი გათხოვდა კახეთის მეფე ლევან-II-ზე და როდესაც ისინი გურიიდან ბრუნდებოდნენ გრემში, (თან მოაბრძანებდნენ ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს) გზად შემოაღამდათ შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქვე მოუწიათ ღამის გათევა. მათ ხატი იმ თეთრ შინდის ხესთან დააბრძანეს, რომელიც თინათინმა ნახა სიზმარში. დილით ისინი სასწაულის მომსწრენი გახდნენ, ხატი ხის ნაწილი გამხდარიყო, რაც აშკარა ნიშანი იყო მონასტრის დაარსებისა. თინათინი ამ მონასტერშივე აღიკვეცა მონაზვნად და აქვე იქნა დაკრძალული.

აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვარგუმბათოვანია, შიგნით მოხატული. შემონახულია ქტიტორთა პორტრეტები. XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულ თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობაც უბოძებია. უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზ-I-ს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. შემდგომში ეკლესია განაახლა ერეკლე-II-ემ.

XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა, სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა – საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა.

1990 წელს ახალ შუამთაში კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება.

მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართული ოთხსართულიანი სამრეკლო ტაძრის თანადროული უნდა იყოს.

XIX საუკუნეში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა საგვარეულო საფლავებიც არის. მათ შორის – ყარალაშვილები, რომელთაც მონასტრისთვის დიდი სავარგულები შეუწირავთ, აგრეთვე მაყაშვილთა და ანდრონიკაშვილთა საგვარეულოების წარმომადგენლები.

ამჟამად, დაახლოებით ათი მონაზონი ცხოვრობს მონასტერში. მიმდინარეობს მთარგმნელობითი სამუშაოები, ხატწერა, ხელსაქმე და სხვა. აგრეთვე მონასტერს აქვს თავისი საკუთარი ზვრები, ფერმა და ფუტკრის მეურნეობა, საიდანაც მათ საშუალება ეძლევათ თაფლის გარდა დაამზადონ საეკლესიო სანთელი.


1 3 5 6