კულტურული მემკვიდრეობა თელავში

მეფის სასახლე

მეფე ერეკლეს სასახლე თელავში ერთადერთია საქართველოში მეფეთა სასახლეებს შორის, რომელმაც მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა პირვანდელი სახე. ძველი ნაგებობებიდან ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი ეკლესია, სასახლე, აბანო და გვირაბი.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრის დაშორებით ცალკე მდგარი დიდი საზარბაზნე ბურჯი (დიამეტრი 14 მ.), რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მთელს საქართველოში. ამ ბურჯზე XIX ს-ის ორმოციან წლებამდე მდგარა 7,5 მეტრის სიგრძის დიდი ყალიბის ზარბაზანი, რომელიც მეფე ერეკლე 1750 წელს ფაშა ალიხანზე გამარჯვებისას ჩაუგდია ხელთ. “ბატონის ციხის” გალავანი აგებულია რიყის ქვით და კირის დუღაბით. იგი 3 ჰექტრამდე ფართობს ზღუდავს, გალავანი მრგვალქონგურებიანია, ეზოს მხრიდან აქვს სავალი ბილიკი, დატანებული აქვს სათოფურები, ხოლო ორივე კუთხეში – ოთხი ცილინდრული ორ და სამსართულიანი კოშკები. სამხრეთის გალავანი შუა ნაწილში წინ არის გამოწეული, რათა ამ მხრიდან მომდგარი მტრის მოქმედება გაეკონტროლებინათ.

“ბატონის ციხის” მთელი ტერიტორია ორ – აღმოსავლეთსა და დასავლეთს ნაწილებად ყოფილა გაყოფილი. ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია დღესაც, მაგრამ გამყოფი გალავანი განახლებულია. “ბატონის ციხის” ტერიტორიაზე შესვლა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭიშკრებიდან წარმოებდა. აღმოსავლეთის ჭიშკარი დგას აღმოსავლეთ სამხრეთ კოშკთან ახლოს. მის მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახია ასევე შეისრული გადახურვით, ოთხივე მხარეს ფანჯრებით, სამხრეთის კედელში დატანებული ბუხრითა და აღმოსავლეთის აივნით.

დასავლეთის კარიბჭე კი გალავნის ცენტრში მდებარეობს. იგი ამ გალავნის საერთო სიბრტყიდან წინაც არის გამოტანილი და გალავანზე საგრძნობლად მაღალიცაა. კარიბჭე ორსართულიანია. პირველი სართული კარია კამაროვანი გადახურვით, ხოლო ჩრდილოეთსა და სამხრეთს მხარეს აქვს მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები, კარიბჭის მეორე სართული ბაქანია, რომელიც სამი – სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხარიდან მაღალი მრავალქონგურებიანი კედლებით არის შემოზღუდული, რომელსაც ასევე სათოფურები აქვს დატანებული.

“ბატონის ციხის” ტერიტორიაზე არსებული ძველი ნაგებობებიდან სასახლე ყველაზე დიდია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, იგი XVII საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს აუშენებია არჩილ II და გვიან ხანებში მას ცვლილებები განუცდია. 1979-83 წლებში ჩატარებული სარსტავრაციო სამუშაოების შედეგად სასახლემ დღევანდელი სახე მიიღო.

სასახლის ძირითად ბირთვს წარმოადგენს “საელჩო დარბაზი”, რომელსაც სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი) შემოუყვება ორსართულიანი დერეფანი. გადმოცემით, სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის ოთახში დაიბადა და გარდაიცვალა ერეკლე II.

სამეფო კარის აბანო “ბატონის ციხის” ტერიტორიას ორად გამყოფ კედელზე სამხრეთის გალავნის შეერთების კუთხეშია აშენებული. იგი სასახლიდან საკმაოდ მოშორებით დგას. აბანო სრულად არ არის ჩვენამდე მიღწეული – შემორჩენილია მხოლოდ საბანაო აუზი და საქვაბე. წყლიანი იატაკის ქვეშ მოწყობილი ღუმელით ცხელდებოდა. მოსახლეობა ამ აბანოს “ერეკლეს აბანოს” უწოდებს.

“ბატონის ციხის” ტერიტორიაზე არსებული ორი ეკლესიიდან პატარას “არჩილის კარის ეკლესიას” უწოდებენ. მაგრამ 1979-83 წლებში ეკლესიაზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ იგი არჩილ მეფემდე ბევრად ადრე, X-XI საუკუნეებში ყოფილა აშენებული. აღმოჩნდა, რომ იგი თავდაპირველად სამნავიანი სამაფსიდიანი ბაზილიკა ყოფილა. ეკლესიის ასეთ დათარიღებას მხარს უჭერს “ბატონის ციხის” ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაც. საქმე ისაა, რომ აქ არსებული ყველა ნაგებობა გარდა ამ ეკლესიისა, საფლავებზეა აღმართული. ეს კი მეტყველებს, რომ დღევანდელ “ბატონის ციხის ტერიტორიაზე X-XI ს-ში სასაფლაო იყო საკუთარი ეკლესიით.

მოგვიანებით, ჩანს, გავერანებულ სასაფლაოს ადგილას არჩილ მეფემ “ჰყო სასახლე”, შემდეგ კი აქ სხვა ნაგებობაც აღუმართავთ. ეკლესიის სახელწოდება უცნობია.

“ბატონის ციხის” ტერიტორიაზე არსებული მეორე ეკლესია შედარებით “ახალია”. იგი აუშენებია ერეკლე მეფეს “ღვთისმშობლის მიძინების” სახელზე. იგი ერთნავიანი აფსიდიანი ნაგებობაა. სამი, სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კარებებით. ფასადები შემკულია კედლის სიღრმეში ჩამჯდარი “გოლგოთიანი” ჯვრებით. სახურავის ქვეშ სათოფურებიცაა მოწყობილი, რაც ამ ნაგებობის არამარტო საკულტო, არამედ თავდაცვით დანიშნულებებზეც მეტყველებს.

01 02 03 04